XIX საუკუნის ისტორია და მემკვიდრეობა

როგორც ისტორიის მუზეუმის ცნობილი გამოფენის დასახელება გვაუწყებს, „ასჯერ დაეცა თბილისი და…“
მართალია, ბევრჯერ დაეცა,მაგრამ, უთვალავი იმპერიის თავდასხმის მიუხედავად, თვითმყოფადობის შენარჩუნება მოახერხა. თბილისის თვითმყოფადი სული კი ყველაზე მეტად სოლოლაკში იგრძნობა. სწორედ აქ სჭარბობს გადმოკიდებული აივნები, იტალიური ეზოები და ეკლექტურ/ქაოსური არქიტექტურა, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათია.

დღეს სოლოლაკი თბილისის ტურისტული ცენტრია, მაგრამ უბანს ჯერ კიდევ შემორჩა ავთენტური “კუნძულები”, სადაც ნამდვილი ქალაქური ცხოვრება ჩქეფს. ასეთ ადგილებს შორისაა ყველასთვის საყვარელი პოეტის, ლადო ასათიანის სახელობის ქუჩა. მეიდნის მიმდებარე დაბლობიდან მთაწმინდის მიმართულებით ამ ქუჩას მრავალი ხატოვანი შენობის გავლით ავყავართ.

ერთ-ერთი თვალსაჩინო ისტორიული ძეგლია ცნობილი თბილისელი არქიტექტორის, კორნელი ტატიშევის სახლი. ზღაპრული სამსართულიანი ნაგებობა მავრიტანულ სტილშია შესრულებული და “ათას ერთი ღამის” სიუჟეტს გვაგონებს თავისი აღმოსავლური თაღებითა და გუმბათებით. საინტერესო წარმოსადგენია ულამაზეს აივანზე გადმომდგარი, თავის დიდგვაროვან ქართველ ცოლთან კამათში გართული არქიტექტორი, ფინჯანი ყავით ხელში.

არც ისე მოშორებით ე. წ. “ჰოგვარდსის” შენობა დგას: გასული საუკუნის დასაწყისში აგებული ნეოგოთიკური სტილის "კეთილშობილ ქალთა გერმანული პანსიონი" ამჟამად მეექვსე საავტორო სკოლას მასპინძლობს და მოსწავლეებთან ერთად გამვლელებსაც აინტრიგებს თავისი მისტიკური, უცხო იერით.

ყურადღებას იპყრობს ასევე ძმები სიმენსების მემორიალური დაფა, რომელიც ცნობილი ინდუსტრიალისტების თბილისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ცხოვრების შესახებ გვამცნობს. ვალტერ სიმენსს ძველი თბილისელები „კავკასიის ტელეგრაფის მამად" მოიხსენიებდნენ, ის კი თავის მხრივ იმდენად მოხიბლულა ქალაქით, რომ მისთვის “აზიის პარიზი” უწოდებია. Მართლაც, ასათიანის ქუჩაზე სეირნობისას რთულია არ გაუგო და არ დაუმეგობრდე თბილისს—ძველი, ხის აივნებიდან, ჭრელი სარეცხი ფრიალებს, მსუქანი კატები ზანტად დაიზლაზნებიან მეზობლის დატოვებული სასუსნავის ირგვლივ; ვიღაცა ქუჩას გვის, ვიღაც აივნიდან გათვალიერებს, ზემოთ, ცის ქვეშ კი მაღალი მთები იშლება, მარადიული და კოხტა.


ურბანული და უნიკალური

სწორედ ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს სასტუმრო “სტროფი”.
28- ნომრიანი მოხდენილი შენობა მე-19 საუკუნის ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად ბუნებრივად ერწყმის გარემოს.

Ძველი აგურის თაღებიანი საკონფერენციო დარბაზით დაწყებული, სოლოლაკის ხედებითა და ლადო ასათიანის ლექსებით მორთული კედლებით დამთავრებული.

“სტროფის” გარემო არის მყუდრო და თანამედროვე. მინიმალისტური, რეტრო ელემენტებით დამშვენებული ოთახებიდან იშლება ხედები სოლოლაკის ქედზე, მოღნის ეკლესიასა და ლადო ასათიანის ქუჩაზე. აქ თითქოს ყველა პატარა დეტალი თბილისურ ამბავს ჰყვება.

Სასტუმრო მოიცავს ასევე მყუდრო ლობი ბარსა და ძირძველი თაღიანი ჭერის მქონე გვირაბში მოწყობილ საკონფერენციო დარბაზს.

“სტროფს” ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან ფეხით სავალი მანძილი აშორებს, მაგრამ მისი მდებარეობა გვიბიძგებს თბილისის მალული მარგალიტების აღმოჩენისკენ. ვინ იცის, რა საიდუმლოს ინახავენ სხვა ქუჩები?